სარედაქციო
DOI:
https://doi.org/10.32859/yezidistudies/1/0/5-6ანოტაცია
მოხარულები ვართ, ჩვენს მკითხველებს წარვუდგინოთ ეზიდური კვლევების საერთაშორისო ჟურნალის (IJYS) პირველი ნომერი. ჟურნალის მიზანია, ერთ სივრცეში თავი მოუყაროს ეზიდების, მათი ისტორიის, კულტურისა და რელიგიის შესახებ აქამდე გაფანტულ კვლევის შედეგებს და ამით დაძლიოს ტრადიციული დისციპლინური საზღვრები შედარებითი და ინტერდისციპლინური ფორუმის შექმნით.
მიუხედავად იმისა, რომ მკვლევრებს ეზიდების გამოცდილება სხვადასხვა სპეციალიზებულ ჟურნალში აქვთ დოკუმენტირებული და გაანალიზებული, ეს პუბლიკაციები ხშირად მკითხველთა შეზღუდულ წრეს აღწევს. დღეისათვის არ არსებობს ცენტრალური პლატფორმა, სადაც მხოლოდ ეზიდებზე ორიენტირებულ მეცნიერებს შეეძლებათ საკუთარი ნაშრომების გაზიარება და მსგავს საკითხებზე მომუშავე კოლეგებთან ურთიერთობა. სწორედ ამ ხარვეზმა გვიბიძგა IJYS-ის შექმნისა და ჩვენი მიზნის განსაზღვრისკენ – შეგვექმნა ცენტრალური აკადემიური სივრცე, სადაც ეზიდებისა და ეზიდიზმის, ან მათი ცალკეული ქვედარგების მკვლევრები შეძლებენ ერთმანეთთან დიალოგს ეზიდურ საკითხებზე საერთო ფოკუსის საფუძველზე, როგორც ისტორიულ, ისე თანამედროვე კონტექსტში.
ჩვენი მიზანია, შევქმნათ პლატფორმა ინოვაციური კვლევებისთვის, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა ისტორიულ პერიოდს, გეოგრაფიულ რეგიონსა და დისციპლინას. გვჯერა, რომ ეზიდური უმცირესობისადმი მიძღვნილი ეს ახალი ჟურნალი ავტორებს მისცემს საშუალებას, გაავრცელონ თავიანთი კვლევები, ხოლო მკითხველებს – თვალი ადევნონ ამ სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს.
ჩვენ დაინტერესებულები ვართ მეცნიერთა საერთაშორისო საზოგადოებისგან მაღალი ხარისხის ხელნაწერების მიღებით, რომელთა ავტორებიც ეზიდიზმისა და ეზიდური ტრადიციის შესახებ თავიანთი კვლევებისთვის უფრო ფართო აუდიტორიას ეძებენ. ტრადიციული კვლევების წახალისებასთან ერთად, ვიმედოვნებთ, რომ ჟურნალი შთააგონებს მეცნიერებს, გააფართოონ თავიანთი გავლენის არეალი და ხშირად საკმაოდ სპეციალიზებული კვლევები ხელმისაწვდომი გახადონ მომიჯნავე დარგებში მსგავს საკითხებზე მომუშავე კოლეგებისთვის.
რელიგიურმა, ეთნიკურმა და ეთნორელიგიურმა უმცირესობებმა ღრმა გავლენა იქონიეს საზოგადოებების, ერებისა და სახელმწიფოების პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ ლანდშაფტზე. მიუხედავად მათი მნიშვნელოვანი წვლილისა, ამ ჯგუფებიდან ბევრი სახელმწიფოებისა და უმრავლესობის მხრიდან დისკრიმინაციასა და მარგინალიზაციას განიცდიდა. ეზიდური რელიგიური უმცირესობა ამის თვალსაჩინო მაგალითია.
თავისი ისტორიის მანძილზე ეზიდური თემი მრავალ გამოწვევას შეხვდა, მათ შორის რელიგიურ, სოციალურ და პოლიტიკურ დევნას, სამხედრო კამპანიებს და გენოციდებს, რომლებიც ადგილობრივმა მმართველებმა, სახელმწიფოებმა და ცენტრალურმა ხელისუფლებებმა განახორციელეს. IJYS-ის პირველი ნომერი ეზიდი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი უკანასკნელი გენოციდიდან ათი წლის შემდეგ გამოდის, და ამ ნომრით გვსურს გავიხსენოთ მისი მსხვერპლნი და პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას.
IJYS-ის ეს ნომერი წარმოადგენს სტატიების კრებულს, რომელიც ეძღვნება ეზიდურ კვლევებს სხვადასხვა სამეცნიერო სფეროში, მათ შორის ისტორიას, საზოგადოებას, რელიგიასა და მემკვიდრეობას, განსაკუთრებული აქცენტით გენოციდთან დაკავშირებულ საკითხებზე. კრებულში წარმოდგენილია სხვადასხვა ავტორის ნაშრომები, რომლებიც იკვლევენ როგორც ზოგად თემებს, ისე ეზიდური კვლევების კონკრეტულ ასპექტებს; რამდენიმე მეცნიერი ამ თემებს სხვადასხვა დისციპლინისა და ძირითადი სფეროს პერსპექტივიდან განიხილავს. ამის მიზანია, მკვლევრებს მივაწოდოთ ახალი ინფორმაცია და ხელი შევუწყოთ ეზიდური კვლევების განვითარებადი დარგის უკეთ და უფრო ღრმად გააზრებას. გამოსაქვეყნებლად მიღებული სტატიებით ჩვენ ვისახავთ მიზნად არა მხოლოდ საწყისი წერტილის შექმნას, არამედ ეზიდური კვლევებისადმი ინტერესის ხელახლა გაღვივებასაც.
პირველი ნომერი აერთიანებს მეცნიერებსა და მკვლევრებს ავსტრიიდან, საქართველოდან, ერაყიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან და აშშ-დან და მოიცავს ექვს სტატიას. პირველი ორი სტატია ეხება ეზიდების წინააღმდეგ ჩადენილი გენოციდების ისტორიულ გამოცდილებას, მათ შორის ISIS-ის ტერორის დროს ერაყსა და სირიაში ეზიდების უახლეს მასობრივ მკვლელობასა და დამონებას, ამ გენოციდის დაძლევასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს და ერაყის ფედერალური მთავრობის მიერ ინიცირებული სინჯარში დაბრუნების ახალი პროგრამის მიმოხილვას. ამას მოსდევს სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც იკვლევს ტერმინ „რელიგიის“ გამოყენებასა და მის ცნებას (მისი ისტორიის ჩათვლით) ეზიდური კულტურისა და რწმენის კონტექსტში. ის წარმოაჩენს ცვალებად სოციალურ გარემოში გამოღვიძებული ეზიდური თემის შეხედულებებს, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს დასავლურ და რუსულ დომინირებას მათ, მათ კულტურასა და რელიგიაზე ჩატარებულ კვლევებში. შემდეგ წარმოგიდგენთ მოკლე კვლევას, რომელიც ეხება ზოგადად ეზიდური სანჯაყების და კერძოდ ტაუს გერანის ისტორიასა და მნიშვნელობას, ტაუსი მალაკის ამ გამოსახულებების მიერ გავლილი – და ერთ-ერთის მიერ დღემდე გასავლელი – მარშრუტების აღდგენით. მეხუთე სტატია, ისტორიული კვლევა, უფრო ღრმად წარმოაჩენს აღმოსავლეთ ანატოლიის ეზიდების ისტორიას, სადაც XVI–XVIII საუკუნეებში ეზიდური სამთავრო ეზდიხანი არსებობდა. ამ კონტექსტში სტატია ასევე განიხილავს საქართველოს ეროვნულ არქივში აღმოჩენილ ახალ დოკუმენტებს, რომლებიც ეხება ხალილ-აღას – ეზიდების ადრეულ ლიდერს, რომელიც რუსეთის იმპერიის ერევნის გუბერნიაში ცხოვრობდა.
ჩვენი ჟურნალის პირველი ნომერი სრულდება კვლევით, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ეზიდური ხარის მსხვერპლშეწირვის მითრაისტული წარმოშობის გაქვავებულ დოგმას და ხაზს უსვამს იმ კულტურებისა და რელიგიების მრავალფეროვნებას, რომლებიდანაც ეზიდებს შეიძლება ესესხათ ეს რიტუალი.
როგორც მთავარ რედაქტორს, მსურს მადლობა გადავუხადო რედაქტორებისა და მრჩევლების საერთაშორისო გუნდს, ასევე ყველას, ვინც მონაწილეობდა IJYS-ის მომზადებაში, მათი ერთგული სამსახურისთვის. მათმა ენთუზიაზმმა, შემოქმედებითობამ და დაუღალავმა შრომამ შესაძლებელი გახადა ამ ნომრის გამოცემა. ისინი ჟურნალის ხერხემალი და ჩვენი გუნდის გული არიან. ასევე მადლობას ვუხდი IJYS-ის რეცენზენტებს, რომლებმაც, დატვირთული გრაფიკისა და ჟურნალის მომზადების მჭიდრო ვადების მიუხედავად, დროულად წარმოადგინეს თავიანთი პროფესიული და დეტალური შეფასებები. მათი მხარდაჭერა ფასდაუდებელია და იმედი მაქვს, რომ ისინი მომავალშიც გააგრძელებენ ამ გზას IJYS-თან ერთად. ასევე მადლობას ვუხდი ჩვენს კორექტორებს, მეცნიერებსა და კოლეგებს სხვა ჟურნალებიდან და აკადემიური დაწესებულებებიდან, რომლებიც ჩვენთან ერთად მსჯელობდნენ, და განსაკუთრებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტს პარტნიორობისა და მუდმივი ტექნიკური ხელმძღვანელობისა და მხარდაჭერისთვის. და ბოლოს, მადლობას ვუხდი ჩვენს ავტორებს ორიგინალური ნაშრომებისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობს ეზიდური კვლევების განვითარებას.