სარედაქციო

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.1555/yezidistudies/2/0/2025/5-7

ანოტაცია

მოხარული ვარ, როგორც ეზიდური კვლევების საერთაშორისო ჟურნალის (IJYS) მთავარი რედაქტორი, ჩვენს პატივცემულ მკითხველებს წარვუდგინო ჩვენი რეცენზირებადი ინტერდისციპლინური ჟურნალის მეორე ნომერი. ჩვენი მიზანია, შევქმნათ მკაცრი აკადემიური პლატფორმა, რომელიც ეძღვნება ეზიდური რელიგიის – მისი სტრუქტურის, ისტორიის, კულტურისა და სულიერი და სოციალური მემკვიდრეობის – ყოველმხრივ შესწავლას, და გავცდეთ იმ დამახინჯებებს, გამარტივებებსა და არამეცნიერულ მიდგომებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ახასიათებდა ამ სფეროს.

ეს ნომერი კიდევ ერთი ნაბიჯია ზოგადად ეზიდურ საკითხებზე და კერძოდ ეზიდურ კვლევებზე სპეციალიზებული აკადემიური კვლევის ტრადიციების გაძლიერების გზაზე. მასში წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა ორიგინალური ნაშრომები ისტორიის, რელიგიის, ანთროპოლოგიის, ლინგვისტიკის, არქეოლოგიისა და მომიჯნავე დარგების თემებზე, რაც ამდიდრებს ცოდნას რეგიონის ერთ-ერთი მცირე რელიგიური უმცირესობის შესახებ.

სარედაქციო საბჭომ უზრუნველყო აკადემიური რეცენზირებისა და ორმაგად ბრმა შეფასების უმაღლესი სტანდარტები, რათა გარანტირებული ყოფილიყო გამოქვეყნებული კვლევების ხარისხი, ობიექტურობა და ორიგინალურობა. ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ინტერდისციპლინური მიდგომების წახალისების, კარიერის დასაწყისში მყოფი მკვლევრების მხარდაჭერისა და ამ სფეროს მნიშვნელობის შესაფერისი მკაცრი სამეცნიერო პლატფორმის უზრუნველყოფისადმი.

ეს ნომერი მოიცავს ხუთ რეცენზირებულ სტატიას და ერთ წიგნის მიმოხილვას. მას იწყებს მაჯიდ ჰასან ალისა და დიარ ალ ომარის ერთობლივი ნაშრომი „ცვლილებების პიონერი გზაგასაყარზე, სინჯარიდან კავკასიამდე: ამირა (მირი) ისმაილ ჩოლ ბეგი და ბრძოლა ეზიდობის თანამედროვე იდენტობისთვის“. ამ სტატიაში ავტორები იკვლევენ ეზიდი ამირას, ისმაილ ჩოლ ბეგის (გ. 1933), როლს – მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და საკამათო ეზიდი პიროვნებისა. ისინი წარმოადგენენ პირველ სისტემურ მცდელობას, გაიაზრონ მისი შეხედულებები ეზიდური იდენტობის შესახებ – ასპექტი, რომელიც წინა კვლევებში დიდწილად უყურადღებოდ რჩებოდა – და აღადგენენ მის შეხედულებებს მისი წერილების, ნაკარნახევი ტექსტების, ავტობიოგრაფიის, გამოქვეყნებული ნაშრომების, ევროპელი მოგზაურების ჩანაწერებისა და მრავალენოვანი საარქივო მასალის საფუძველზე. ამ გაფანტული წყაროების თავმოყრით კვლევა გვთავაზობს მისი იდეების, საქმიანობის, კავშირებისა და გავლენის ყოვლისმომცველ სურათს.

მეორე სტატია, ვიკტორია არაქელოვას ნაშრომი „რამდენად ახლოსაა ‘ალი ღმერთთან? ‘ალის სტატუსის შესახებ ეზიდურ ტრადიციაში“, იკვლევს იმამ ‘ალის ადგილს ეზიდურ რელიგიურ მემკვიდრეობაში. მიუხედავად იმისა, რომ ‘ალის გაღმრთობა ზოგიერთი რადიკალური შიიტური ჯგუფისთვის არის დამახასიათებელი, მისი როლი ეზიდურ რელიგიურ უმცირესობაში აქამდე სიღრმისეულად არ ყოფილა შესწავლილი. ეზიდებსა და ზოგიერთ არამეინსტრიმულ შიიტურ გარემოს შორის თვალსაჩინო პარალელების გამო, კვლევა აანალიზებს ეზიდურ რელიგიურ ტექსტებს, რომლებშიც ‘ალი არაერთხელ და ზოგჯერ მნიშვნელოვან როლში გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ეზიდური რელიგიური უმცირესობა მას ღვთაებრივ სტატუსს არ ანიჭებს, სტატია აჩვენებს, რომ მისი ფუნქციური თვისებები და უნიკალური კონტექსტური როლი მიუთითებს, რომ მას ოდესღაც განსაკუთრებული, შესაძლოა მნიშვნელოვანი, ადგილი ეკავა ეზიდურ ტრადიციაში.

მესამე სტატია, იზაბელ ბროიანის ნაშრომი „საბჭოთა პროპაგანდა და ეზიდების ინტეგრაცია კომუნისტურ საზოგადოებაში კორენიზაციის პოლიტიკის დროს (1923–1934)“, იკვლევს ოსმალეთის იმპერიიდან მიგრაციის შემდეგ ეზიდების სამხრეთ კავკასიაში ჩამოსვლას. ნახევრად მომთაბარე ცხოვრების წესისა და ზეპირი ტრადიციის მქონე ეზიდები შეხვდნენ ახალ საბჭოთა სისტემას, რომელმაც კორენიზაციის (გაადგილობრივების) პოლიტიკის მეშვეობით უმცირესობებს ფართო კულტურული უფლებები მიანიჭა, როგორც მათი კომუნისტურ პროექტში ინტეგრაციის უფრო ფართო მცდელობის ნაწილი. საარქივო წყაროებისა და ბეჭდური მასალის საფუძველზე სტატია აჩვენებს, როგორ ცდილობდა ბოლშევიკური პროპაგანდა ეზიდების ტრადიციული ცხოვრების გარდაქმნას, ეზიდურენოვანი განათლების ხელშეწყობასა და მარქსისტულ-ლენინური ღირებულებების დანერგვას, ამავდროულად კი რელიგიური და ტომობრივი ლიდერების გავლენის შესუსტებას. შედეგად, ეზიდური იდენტობის ელემენტები, როგორიცაა რელიგია და ჩვეულებითი პრაქტიკა, წარსულის „ჩამორჩენილ გადმონაშთებად“ შეირაცხა.

მეოთხე სტატია, ჯანელ კარლსონის ნაშრომი „გენოციდის გრძელი და რთული პროცესი: გადარჩენისა და სამართლიანობის ეზიდური მიდგომის ახალი გააზრება“, ამტკიცებს, რომ გენოციდი პირდაპირი მკვლელობების შეწყვეტით არ სრულდება. რომის სტატუტის მე-6(გ) მუხლის თანახმად, გენოციდი ასევე მოიცავს ისეთი საცხოვრებელი პირობების განზრახ შექმნას, რომლებიც ჯგუფის განადგურებისკენაა მიმართული. სტატიის თანახმად, გენოციდის ამ ნელი, დამქანცველი განზომილების გასააზრებლად საჭიროა ყურადღება მიექცეს როგორც იმას, თუ როგორ აღწერენ ძალადობას დაზარალებული თემები, ისე იმას, თუ როგორ რეაგირებენ მასზე სახელმწიფოები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ჰუმანიტარული აქტორები. ინტერვიუებისა და ადგილობრივი მეცნიერებისა და აქტივისტების ნაშრომების საფუძველზე კვლევა აჩვენებს, როგორ გრძელდება ეზიდების გენოციდი საერთაშორისო რეაგირების სამი ხარვეზის გამო: არასათანადო საცხოვრებელი პირობები, ალ-ჰოლის ბანაკში მყოფი მოსახლეობის რადიკალიზაცია და ეზიდების გადარჩენის სტრატეგიების მხარდაჭერის ნაკლებობა. ავტორი ასკვნის, რომ სამართლიანობა მოითხოვს არა მხოლოდ დამნაშავეთა დასჯას, არამედ იმ პირობების აღდგენასაც, რომლებიც გადარჩენილებს ცხოვრების საშუალებას მისცემს.

ბოლო სამეცნიერო სტატია, რუსტამ რზგოიანის ნაშრომი „ეზიდური მოსახლეობის რეპრესიები საქართველოსა და სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებში 1930–1940 წლებში“, აანალიზებს სტალინის ეპოქაში ეზიდების მიმართ გატარებულ სახელმწიფო პოლიტიკას. საბჭოთა კავშირის სხვა ხალხების მსგავსად, ეზიდებმაც განიცადეს რეპრესიები და იძულებითი გადასახლება, თუმცა ცენტრალურ რუსეთთან შედარებით ნაკლები მასშტაბით. მიუხედავად იმისა, რომ 1920-იანი და 1930-იანი წლების კამპანიებმა დაასუსტა ეზიდები და შეამცირა ტომობრივი ელიტის ავტორიტეტი, მათ არ დაუშლიათ ეზიდების სოციალური სტრუქტურა, რომელიც დღემდე მყარად არსებობს. სტატიის თანახმად, ამ ზომებმა საბოლოოდ დაარღვია ეზიდური თემების ისტორიული იზოლაცია და დააჩქარა მათი ინტეგრაცია საბჭოთა საზოგადოებაში.

ნომერი ასევე მოიცავს პიტერ ნიკოლაუსის მიმოხილვას ბენიამინ რასბახის წიგნზე Landscapes of Resistance: Narratives around Sacred Places in Sinjar (Iraq) and the Islamic State’s Genocide against Yezidis (2024). ნიკოლაუსი ხაზს უსვამს ნაშრომის სამეცნიერო ღირებულებასა და მის წვლილს სინჯარისა და ეზიდური კვლევებისთვის. ის აფასებს რასბახის ინოვაციურ „ნარატიულ რუკას“ წმინდა ადგილების შესახებ და ეზიდური სალოცავების გარშემო არსებული ზეპირი ტრადიციის, ლეგენდებისა და გადმოცემების გულდასმით ინტეგრირებას. ნიკოლაუსი ხაზს უსვამს ამ ადგილების ორმაგ როლს – როგორც შიდა პოლიტიკური დაძაბულობის წყაროსა და ერთიანი ეზიდური რელიგიური იდენტობის სიმბოლოს. ის ასევე აღნიშნავს რელიგიის უფრო სტანდარტიზებული ინტერპრეტაციებისკენ ბოლოდროინდელ ტენდენციას, რომელიც მიმდინარე პოლიტიკური რყევებითა და კონფლიქტით არის განპირობებული, და მიუთითებს, რომ ყველა ეზიდი პოლიტიკური აქტორი იყენებს რელიგიურ სიმბოლოებს საკუთარი მიზნების მისაღწევად და ამავდროულად აცხადებს, რომ მთელ თემს წარმოადგენს.

გულწრფელ მადლობას ვუხდი ამ ნომრის ყველა ავტორს, რეცენზენტებს მათი მკაცრი სამეცნიერო შრომისთვის, ასევე ტექნიკურ და ადმინისტრაციულ გუნდებს ამ ტომის მომზადებისთვის. ასევე მადლიერი ვარ ჩვენი პარტნიორი კვლევითი ცენტრების, უნივერსიტეტებისა და აკადემიური დაწესებულებების მუდმივი მხარდაჭერისთვის, რომლებიც კვლავაც ადევნებენ თვალს და მხარს უჭერენ ჟურნალის მისიას.
ვიმედოვნებთ, რომ ეს ნომერი ღირებულ წვლილს შეიტანს ეზიდურ კვლევებსა და ახლო აღმოსავლეთის კვლევებში და ახალ გზებს გაუხსნის სამეცნიერო დიალოგს ჯერ კიდევ სიღრმისეულად შეუსწავლელ თემებზე.

ავტორის ბიოგრაფია

  • მაჯიდ ჰასან ალი

    მაჯიდ ჰასან ალიმ დოქტორის ხარისხი ერაყის რელიგიური უმცირესობების თემაზე ბამბერგის უნივერსიტეტში (გერმანია) მოიპოვა. ის ლექციებს კითხულობს დუჰოკის უნივერსიტეტში, ერაყის ქურთისტანის რეგიონში. ის ასევე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ეზიდური კვლევების ცენტრის ასოცირებული წევრი (თბილისი, საქართველო). მისი კვლევა ეხება რელიგიური უმცირესობების წინაშე არსებულ გამოწვევებს ახლო აღმოსავლეთის მუსლიმური უმრავლესობის ქვეყნებში, მაგალითად ერაყში. ქურთული პოლიტიკური მოძრაობების შესახებ მონოგრაფიის გარდა, მას გამოქვეყნებული აქვს არაერთი სტატია ეზიდურ იდენტობაზე, რელიგიურ ექსტრემიზმზე, მიგრაციასა და ეზიდი ქალების ტყვეობასა და დამონებაზე.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-12-28

გამოცემა

სექცია

სარედაქციო